ქართულ-გერმანული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტმა (გერმანია) ერთობლივად შეიმუშავეს პროექტის განაცხადი „ტრადიციის დაცვა - მომავლის უზრუნველყოფა: გერმანულ-ქართული სამეცნიერო ქსელის მდგრადი განვითარება თბილისი/იენა (DGW)“. ამ პროექტით უნივერსიტეტებს შორის კვლევითი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური განათლებისა და კვლევების სამინისტროს (BMBF) პროგრამის "კვლევისა და ინოვაციის თანამშრომლობის პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან" ფარგლებში და მიზნად ისახავს მდგრადი გერმანულ-ქართული პარტნიორობების ჩამოყალიბებას.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე თსუ-ს იენის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია და ქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მოსამზადებელი ღონისძიებები, საფუძველს ჩაუყრის სრულმასშტაბიანი განაცხადის წარდგენას 2026 წლის იანვარში, რაც პროექტის სრულად განხორციელებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მკვლევრები, რომლებიც ჩართულნი არიან ინიციატივაში, ასევე უნივერსიტეტების ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტებზე არსებული ინსტიტუტებისა და პროგრამების ხელმძღვანელები.
„ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, ჩვენი თანამშრომლობა იენის უნივერსიტეტთან ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. გერმანელი კოლეგები გვთავაზობენ თანამშრომლობის ახალ ფორმას. იმედი მაქვს, დღევანდელი დღის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ახალ მიმართულებებს შეიძენს“, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.
იენის უნივერსიტეტის პროფესორმა დიანა ფორკერმა გერმანულ-ქართული სამეცნიერო ქსელის Tbilisi / Jena (DGW) მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს იენის უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც სამეცნიერო, ასევე სწავლების მიმართულებით.
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის დროს, იენის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ედვარდ შრამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ გადასცა.
თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ დოქტორ ედვარდ შრამს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის მიანიჭა.